კომპიუტერული ტომოგრაფია - სამედიცინო ფორუმი
სამედიცინო პორტალი
მოგესალმები სტუმარი | RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
გვერდი 1 დან1
სამედიცინო ფორუმი » მედიცინა » რადიოლოგია » კომპიუტერული ტომოგრაფია
კომპიუტერული ტომოგრაფია
wolfთარიღი: შაბათი, 2009-04-25, 9:45 PM | შეტყობინება # 1
ფსიქოლოგი და დიაგნოსტიკოსი
ჯგუფი: ექიმი
შეტყობინებები: 21
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
კომპიუტერული ტომოგრაფია კლინიკურ პრაქტიკაში
კ ო ნ ო ლ ჯ . გ ა რ ვ ი , რ ე ბ ე კ ა ჰ ე ნ ლ ო ნ ი
კომპიუტერული ტომოგრაფია პირველად 30 წლის წინ დაინერგა და მას შემდეგ კლინიკური პრაქტიკის განუყოფელ ნაწილად იქცა.
1 ტექნოლოგიების სწრაფი განვითარების გამო სხვადასხვა ტიპის სკანერთა შესაძლებლობებსა და ნაკლოვანებებს კლინიცისტთა მხოლოდ მცირე ნაწილი იცნობს. წინამდებარე მიმოხილვა აღწერს კომპიუტერული ტომოგრაფიის სკანერის იმ სამ ძირითად ტიპს, რომელიც ყოველდღიურ კლინიკურ პრაქტიკაში იხმარება, და განიხილავს მათ გამოყენებას დაავადებათა ფართო სპექტრის გამოკვლევის დროს. ასევე წარმოდგენილი იქნება განსხვავებული მოსაზრებები კომპიუტერული ტომოგრაფიისა და ბირთვულ-მაგნიტური რეზონანსის შედარებითი ღირებულების შესახებ. მეთოდები წინამდებარე მიმოხილვაში წარმოდგენილი ინფორმაცია სხვადასხვა წყაროდან იქნა შეკრებილი. იგი მოიცავს კომპიუტერული ტომოგრაფიისა და ბირთვულ-მაგნიტური რეზონანსის გამოყენების მრავალწლიან პირად გამოცდილებას, აპარატურის მწარმოებლებთან მათ განხილვასა და რადიაციის დოზიმეტრული საკითხების ცოდნას, რასაც დაემატა მედლაინისა და კოჰრეინის მონაცემთა ბაზების ძიება კომპიუტერული ტომოგრაფიისა და ბირთვულმაგნიტური რეზონანსის შედარების სისტემური მიმოხილვის თაობაზე. კომპიუტერული ტომოგრაფიული სკანერების ევოლუცია დღევანდელი სტანდარტებით, ადრეული კომპიუტერული ტომოგრაფიული სკანერები უკიდურესად ნელა მუშაობდნენ და შედარებით ზერელე გამოსახულებათა მისაღებად უზარმაზარ კომპიუტერულ აღჭურვილობას მოითხოვდნენ. მილის ტექნოლოგიისა და კომპიუტერული სისტემებისა და პროგრამების გაუმჯობესებამ შეამცირა სკანირების დრო და გააუმჯობესა გამოსახულებათა რეზოლუცია. მოსრიალე რგოლის ტექნოლოგიის შემუშავებამ 1980-იანი წლების ბოლოს სპირალური სკანერების შექმნამდე მიგვიყვანა. უფრო ახლახანს ფართოდ გავრცელდა მრავალშრიანი სკანერები, რომელთაც ერთ წამზე ნაკლები სკანირების დრო გააჩნიათ. ეს მნიშვნელოვანი ტექნიკური ცვლილებები, ახალ და სწრაფ კომპიუტერებთან ერთად, თანამედროვე აპარატურის ძირითად თავისებურებებს წარმოადგენს.

ჩვეულებრივი კომპიუტერული ტომოგრაფიული სკანერები

პირველი თაობის (ჩვეულებრივ) სკანერებში მილი წარმოქმნის რენტგენის სხივების ვიწრო ნაკადს, რომელიც გადის პაციენტის ორგანიზმში და მეორე მხარეს განთავსებული დეტექტორების რიგის მიერ რეგისტრირდება. მილი და დეტექტორები პაციენტის გარშემო მოტრიალე რგოლის საპირისპირო მხარეს არიან მოთავსებული. იმის გამო, რომ მილი კაბელებთან არის დაკავშირეული, მას უსასრულო ტრიალი არ შეუძლია. ყოველი ბრუნის შემდეგ სკანერი უნდა გაჩერდეს და შემდეგ საწინააღმდეგო მიმართულებით უნდა ამოძრავდეს. თვითეული ბრუნის შემდეგ მიიღება აქსიალური გამოსახულება, რომლის დროსაც შრის სისქე ჩვეულებრივ ერთ სანტიმეტრს შეადგენს, ხოლო ცალკეულ ბრუნს დაახლოებით ერთი წამი სჭირდება. ჩვეულებრივ სკანერებს გარკვეული შეზღუდვები გააჩნიათ. სკანირების დრო გახანგრძლივებულია, გამოსახულება კი შეიძლება დამახინჯდეს მოძრაობის ან სუნთქვის გამო. ამ სკანერებს ასევე უჭირთ გადაფორმატება სხვადასხვა ჭრილში, დინამიური კონტრასტის გამოყენება არ ხერხდება, ჭრილებს შორის არსებული პატარა დაზიანება კი შეიძლება შეუმჩნეველი დარჩეს. ბოლო ხანს ფართოდ გავრცელდა სპირალური სკანერები და მოელიან, რომ რამდენიმე წლის შემდეგ დიდ ბრიტანეთში არსებული სკანერების ნახევარი სწორედ ამ ტიპის იქნება.2 ხშირად ახალ სკანერთან ერთად ჩვეულებრივი სკანერიც გამოიყენება. ეს უკანასკნელები თავის ფუნქციას ისევ ასრულებენ, ძირითადად არაკონტრასტული გამოკვლევების დროს, როცა არ არის აუცილებელი სწრაფი სკანირება სისხლძარღვთა ოპტიმალური ვიზუალიზაციისათვის. დიდი რადიოლოგიური განყოფილებების მიერ წარმოებული კომპიუტერული ტომოგრაფიული გამოკვლევების უმეტესი ნაწილი თავის ჩვეულებრივ კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე მოდის (მაგ. თავის ტვინის ინფარქტი ან ჰემორაგია). ეს გამოკვლევები შეიძლება დამაკმაყოფილებლად განხორციელდეს ჩვეულებრივ სკანერზე, რაც გამოათავისუფლებს სპირალური სკანერის დროს.

დამატებულია (2009-04-25, 9:45 Pm)
---------------------------------------------
სპირალური კომპიუტერული ტომოგრაფიის სკანერები

1980-იანი წლების ბოლოს სკანერების დიზაინში მოსრიალე რგოლის ტექნოლოგიის ჩართვამ საშუალება მოგვცა გვერდი აგვევლო კაბელებსა და რენტგენის მილს შორის მჭიდრო მექანიკური კავშირის აუცილებლობისათვის. ამ მარტივმა გამოგონებამ, რომელმაც შესაძლებელი გახადა მილის უსასრულო ბრუნვა ერთი მიმართულებით, კომპიუტერული ტომოგრაფია გამოსახვის (imaging) წამყვან მეთოდად აქცია. მილის ბრუნვასთან ერთად განუწყვეტლივ მოძრაობს მაგიდა, რომელზეც პაციენტი არის მოთავსებული, რაც საშუალებას გვაძლევს ცალკეული შრის მაგივრად ქსოვილის გარკვეული მოცულობა გადავიღოთ. ამის შემდეგ ხდება მონაცემთა ავტომატური გადაფორმატება და გამოსახულება აქსიალური ჭრილების სახით წარმოგვიდგება. ასევე ადვილია მაღალხარისხოვანი რეკონსტრუირებული (გადაფორმატებული) გამოსახულების მიღება კორონალურ, საგიტალურ და ირიბ ჭრილებში. სპირალურ სკანერებს რამდენიმე უპირატესობა გააჩნიათ. სკანირების დრო ჩვეულებრივი კომპიუტერული ტომოგრაფიის სკანერებთან შედარებით გაცილებით ნაკლებია. ადვილად მიიღება ერთმანეთთან ახლოს მდებარე გამოსახულებები, რაც სხვადასხვა ჭრილში ხარისხიანი რეკონსტრუქციის საშუალებას გვაძლევს. დაზიანება შეიძლება შეფასებული იქნას კონტრასტით გაძლიერების სხვადასხვა ფაზის დროს. შესაძლებელი ხდება კომპიუტერული ტომოგრაფიული ანგიოგრაფია. იმის ალბათობა, რომ მცირე დაზიანება შეუმჩნეველი დარჩება, ნაკლებია. სპირალური კომპიუტერული ტომოგრაფია მძლავრ სადიაგნოზო საშუალებას წარმოადგენს. სისწრაფით იგი მრავალშრიან სკანერს ჩამოუვარდება, მაგრამ გაცილებით იაფია (მრავალშრიანი სკანერის ფასის 30%-50%-ია).

დამატებულია (2009-04-25, 9:45 Pm)
---------------------------------------------
მრავალშრიანი კომპიუტერული ტომოგრაფიული სკანერები

მრავალშრიანი (მრავალდეტექტორიანი) კომპიუტერული ტომოგრაფიული სკანერი შეიძლება ტურბო სპირალურ სკანერად მივიჩნიოთ. ჩვეულებრივი და სპირალური სკანერები პაციენტის ორგანიზმში გამავალი რენტგენული ნაკადის რეგისტრაციისათვის დეტექტორების ერთ რიგს იყენებენ. მრავალშრიან სკანერებს ამჟამად დეტექტორთა რვამდე აქტიური რიგი გააჩნიათ. მიმდინარეობს მუშაობა ისეთ სკანერებზე, რომლებსაც ბრტყელ პანელებზე განთავსებული პირდაპირი ციფრული დეტექტორები ექნებათ. დეტექტორების გაზრდილი რაოდენობა და მილის როტაცია, რომელიც ერთ წამზე ნაკლებ დროს მოითხოვს, საშუალებას გვაძლევს ქსოვილის მოცემული მოცულობა უფრო სწრაფად შევისწავლოთ. ახალ მრავალშრიან სკანერებს უფრო სწრაფი კომპიუტერული სისტემები მოჰყვება, რაც გამოსახულების უკეთესი რეკონსტრუქციისა და გადამუშავების საშუალებას გვაძლევს. ოთხრიგიანი სკანერის გამოყენება რადიოლოგს დიდ შესაძლებლობებს აძლევს. სუნთქვის ერთჯერადი შეკავების დროს პაციენტის სხეულის დიდი ნაწილი შეიძლება იქნას გადაღებული (მაგ. ტრავმის მქონე პაციენტის გულმკერდი, მუცლის ღრუ და მენჯი 20 წამში შეგვიძლია გადავიღოთ). მეორე მხრივ, შეიძლება ჩვეულებრივი მოცულობის გადაღება უფრო ნატიფი შრეების გამოყენებით (მაგ. გულმკერდის 1 მმ-იანი სექციების მიღება 20 წამში, რაც საშუალებას გვაძლევს გავაუმჯობესოთ დეტალიზაცია და მივიღოთ უკეთესი ხარისხის გადაფორმატებული გამოსახულებები). თეორიულად, ოთხი დეტექტორის მქონე მრავალშრიანი სკანერით მიღებული გამოსახულება ერთშრიანი სპირალური სკანერის დროის მეოთხედს მოითხოვს. პრაქტიკულად კი მრავალშრიანი სკანერი გამოსახულებას ერთშრიან სკანერთან შედარებით 2- 3-ჯერ უფრო სწრაფად გვაწვდის.3 მრავალშრიანი სკანერი მნიშვნელოვნად ზრდის პაციენტთა გამტარუნარიანობას ჩვეულებრივ სკანერთან შედარებით, თუმცა თანამედროვე სპირალური სკანერის გამტარუნარიანობისაგან ის არ განსხვავდება. მრავალშრიანი სკანერები მონაცემთა გაცილებით დიდ მოცულობას გვაძლევენ ერთშრიან სკანერებთან შედარებით, ამიტომ პრაქტიკაში პაციენტთა გამტარუნარიანობა შეზღუდულია გამოსახულების მიღებისა და მიღებული მონაცემების რეკონსტრუქციისათვის საჭირო დროით. იმ დაწესებულებებში, რომლებსაც სურათების არქივი და და საკომუნიკაციო სისტემა გააჩნიათ (ე.წ. ჰოსპიტალი სურათების გარეშე), მრავალშრიანი კომპიუტერული ტომოგრაფიული გამოკვლევებით მიღებული მონაცემების დიდი მოცულობა მათი შემნახველი სისტემების მნიშვნელოვან გადატვირთვას იწვევს. მეტი პაციენტის სკანირებისა და თვითეული გამოკვლევის დროს მეტი ინფორმაციის მიღების შემთხვევაში რადიოლოგის დატვირთვაც მნიშვნელოვნად იზრდება. რენტგენის მილი საკმაოდ ძვირი ღირს. დიდ ბრიტანეთში 2002 წელს ტიპიურ სპირალურ სკანერს ყოველწლიურად საშუალოდ ერთი მილის გამოცვლა ესაჭიროება 30-40 ათასი გირვანქის ფასად. მრავალშრიანი სკანერის მილის გამძლეობა ისეთივე უნდა იყოს, როგორც ერთშრიანი სკანერის მილისა, თუკი ერთი და იგივე ტექნიკა გამოიყენება. რადგან მრავალშრიანი სკანერით შესწავლილ პაციენტებს მრავალფაზიანი და უფრო ნატიფი შრეების მქონე გამოკვლევა უტარდებათ, მილის სიცოცხლის ხანგრძლიობა უფრო ნაკლები შეიძლება იყოს და მას უფრო ხშირი გამოცვლა დასჭირდება.

კომპიუტერული ტომოგრაფიის რადიაციული დოზა

კომპიუტერული ტომოგრაფიაზე რადიოლოგიური გამოკვლევების მხოლოდ 4% მოდის, მაგრამ გამოსხივებული რადიაციული დოზის მიხედვით კომპიუტერული ტომოგრაფია მთლიანად სამედიცინო დიაგნოსტიკური რადიაციის 40% შეადგენს.4 შესაბამისად, კომპიუტერული ტომოგრაფიის მზარდი გამოყენება რადიაციულ დოზასთან უნდა იქნას დაბალანსებული.5 განსხვავებული მოსაზრებები არსებობს იმის თაობაზე, მრავალშრიანი სკანერები კომპიუტერული ტომოგრაფიული გამოკვლევებისაგან მომდინარე რადიაციის საერთო დოზას გაზრდიან თუ შეამცირებენ. ზოგადად, მრავალშრიანი სპირალური სკანერის დოზა ერთშრიანი სპირალური სკანერის დოზას მცირედ აღემატება. რადგან მრავალშრიანი სკანერები უფრო სწრაფად მუშაობენ, უფრო მეტი შრე გამოიკვლევა და გაძლიერების სხვადასხვა ფაზაში უფრო მეტი გამოსახულება მიიღება, რასაც გაზრდილი რადიაციული დოზა მოსდევს. 1992 წელს აშშ ეროვნულმა რადიოლოგიური დაცვის საბჭომ მიუთითა პაციენტის მაღალი დასხივების საშიშროებაზე ზედმეტი კომპიუტერული ტომოგრაფიული გამოკვლევების გამო.6 ახლახან აშშ საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ ასევე გაგვაფრთხილა არასაჭირო სკანირებისა და ჭარბი რადიაციის საშიშროების თაობაზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩვენებებს ბავშვებსა და პატარა ტანის პაციენტებს შორის, ისევე როგორც მის მზარდ გამოყენებას ფილტვის კიბოსა და გულის იშემიური დაავადების სკრინინგის მიზნით. კომპიუტერული ტომოგრაფია პრობლემათა გადაჭრის მეტად ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს, მაგრამ მან არ უნდა შეცვალოს ანამნეზის სათანადო შეგროვება და კლინიკური გასინჯვა. რადიოლოგებმა უნდა გამოიყენონ თავიანთი ცოდნა, რათა გააკონტროლონ კომპიუტერული ტომოგრაფიული გამოკვლევის საჭიროება და ისარგებლონ კლინიკური პრობლემის გადაჭრისათვის საჭირო შეძლებისდაგვარად დაბალი დოზით.

დამატებულია (2009-04-25, 9:45 Pm)
---------------------------------------------
მაგნიტური რეზონანსი თუ კომპიუტერული ტომოგრაფია

ბირთვულ-მაგნიტური რეზონანსისა და კომპიუტერული ტომოგრაფიის შემადარებელი სისტემური მიმოხილვების სიმწირე თვალში საცემ ხასიათს ატარებს. კოჰრეინის მონაცემთა ბაზის ძიებამ არცერთი სრული მიმოხილვა და ხარისხის შეფასების მხოლოდ რამდენიმე სისტემური მიმოხილვა გამოავლინა. ჩვენი აზრით, ბევრი რადიოლოგი ამ ორ ტექნიკას ერთმანეთის მოწინააღმდეგედ მიიჩნევს. ასეთმა კონკურენციამ ბევრი სიახლის დანერგვას შეუწყო ხელი,
მაგრამ ასევე წააქეზა ორივე ტექნიკის მომხრეები, მიკერძოებულნი ყოფილიყვნენ. ამან, მაღალხარისხოვანი სისტემური მიმოხილვების ნაკლებობასთან ერთად, შეიძლება ხელი შეუშალოს კლინიცისტებს, რათა გაარკვიონ მოცემულ მდგომარეობას ყველაზე მეტად რომელი გამოკვლევა შეესაბამება. ზოგადად, ბირთვულ-მაგნიტური რეზონანსი საუკეთესოა რბილი ქსოვილებისა და ძვლის ტვინის გამოსახულების მისაღებად. ჩვეულებრივ, ის არ გამოიყენება მწვავე ტრავმის, ფილტვებისა და ძვლოვანი ქსოვილის გამოკვლევის მიზნით. ამჟამად, ბირთვულ-მაგნიტური რეზონანსით ჩატარებული გამოკვლევების უმეტესობა გაცილებით მეტ დროს მოითხოვს იმავე უბნის სპირალური ან მრავალშრიანი კომპიუტერული ტომოგრაფიით შესწავლასთან შედარებით. კომპიუტერული ტომოგრაფია როგორც წესი უკეთესია მოძრავი უბნების გამოსაკვლევად, როგორიც არის მაგ. ფილტვები და ნაწლავები. სკანირების დრო და ფასი ბირთვულ-მაგნიტური რეზონანსის გამოყენების ძირითად შემზღუდავ ფაქტორს წარმოადგენს, მაშინ როცა კომპიუტერული ტომოგრაფიის შემზღუდველ ფაქტორებად რადიაციული დოზა და იოდის შემცველი საკონტრასტო საშუალებების პოტენციური ნეფროტოქსიურობა გვევლინებიან. კომპიუტერული ტომოგრაფია რადიოლოგიური მეთოდებიდან პირველადი არჩევნის საშუალებას წარმოადგენს მწვავე კრანიალური ტრავმის დროს, მაგრამ სხვა ცერებრალური გამოკვლევების უმეტესობისათვის ბირთვულ-მაგნიტური რეზონანსი უკეთესია. მუცლის ღრუ ორგანოებისათვის კომპიუტერული ტომოგრაფია ბირთვულ-მაგნიტურ რეზონანსს ჩვეულებრივ აღემატება. არაღრუ ორგანოების საკითხი უფრო სადაო ხასიათს ატარებს. მაღალხარისხოვანი კომპიუტერული ტომოგრაფია და ბირთვულ-მაგნიტური რეზონანსი ერთნაირად ეფექტურია ღვიძლის, ელენთის, თირკმელებისა და ალბათ პანკრეასის გამოსაკვლევად. ბირთვულ-მაგნიტური რეზონანსი უკეთესია მენჯის ორგანოებისათვის. ტესტის შერჩევაზე ასევე გავლენას ახდენს პერსონალის გამოცდილება, აპარატურის ხელმისაწვდომობა, ფასი და რადიაციული დოზა. სპირალურმა სკანირებამ ხელი შეუწყო კომპიუტერული ტომოგრაფიული ფლუოროსკოპიის განვითარებას და საშუალება მოგვცა კომპიუტერული ტომოგრაფიის მეთვალყურეობით წარმართული ინტერვენციული პროცედურების გამოსახულება რეალურ დროში მიგვეღო.7,8 ასე მაგალითად, ფილტვის პერკუტანეული ბიოფსიის დროს ნემსი ფილტვის ქსოვილში მხედველობითი კონტროლის მეშვეობით შეგვიძლია შევიყვანოთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ნემსის მიმართულება შესაძლებელია მუდმივად დავაზუსტოთ და უშუალოდ გამიზნული უბნისაკენ წარვმართოთ. ეს საშუალებას მოგვცემს, ფილტვის ქსოვილის პუნქციათა რაოდენობა მნიშვნელოვნად შევამციროთ, რითაც პროცედურის ხანგრძლივობასა და პაციენტისათვის მიყენებულ დისკომფორტს შევამოკლებთ.9 ბირთვულ-მაგნიტურ რეზონანსს შეზღუდული როლი აქვს დიდი ტრავმის მქონე და ხელოვნურ სუნთქვაზე მყოფი პაციენტებისათვის, რადგან მაგნიტური გარემო მოუხერხებელ პირობებს უქმნის პაციენტთა ანესთეზიასა და მონიტორირებას. ბირთვულ-მაგნიტური რეზონანსის უკუჩვენებას წარმოადგენს პეისმეიკერებისა და ცალკეული ლითონის იმპლანტატების არსებობა. ბირთვულ-მაგნიტური რეზონანსის მწარმოებელი ცენტრების მონაცემებით, შემთხვევათა 3-6 პროცენტში გამოკვლევის ჩატარება არ ხერხდება პაციენტის კლაუსტროფობიის ან სკანირების დროს უმოძრაოდ ყოფნის უუნარობის გამო. ეს განსაკუთრებით ახალგაზრდა და ხანდაზმულ ავადმყოფებს ეხებათ. პირველადი რგოლის ექიმებს შეუძლიათ ბირთვულ-მაგნიტური რეზონანსის შიშის მქონე ასეთი პაციენტების დამსვიდება. ტექნოლოგიათა სრულყოფასთან ერთად სისწრაფე იზრდება, "ღია" მაგნიტებისა და კიდურებისათვის განკუთვნილი მაგნიტების შექმნასთან ერთად კი კლაუსტროფობია წარსულს უნდა ჩაბარდეს.
მრავალშრიან კომპიუტერულ ტომოგრაფიას, რომელსაც სისწრაფე მრავალშრიან კომპიუტერულ ტომოგრაფიას, რომელსაც სისწრაფე და მრავალ ჭრილში გადაფორმატების უნარი გააჩნია, ბირთვულ-მაგნიტური რეზონანსის შეცვლა შეცვლა ბევრი კლინიკური სიტუაციის დროს შეუძლია. თუმცა როცა ბირთვულ-მაგნიტური რეზონანსი პირველი რიგის გამოკვლევას წარმოადგენს, უმჯობესია უპირატესობა მას მივანიჭოთ მაიონიზებელი რადიაციის არარსებობის გამო.


"ღმერთს ქალი მამაკაცის უფროსად რომ დაეწესებინა-მისი თავისგან შექმნიდა,
მონად რომ დაეწესებინა-ფეხისგან,
მაგრამ რადგან მის მეგობრად და ცოლად დააწესა-ნეკნისგან შექმნა"
 
stomboxთარიღი: შაბათი, 2009-04-25, 10:24 PM | შეტყობინება # 2
რეანიმატოლოგი; დიაგნოსტიკოსი
ჯგუფი: მთავარი ექიმი
შეტყობინებები: 56
რეპუტაცია: 2
სტატუსი: Offline
saintereso informaciaa, madlob

il mio vivere è per voi
 
wolfთარიღი: კვირა, 2009-04-26, 10:58 AM | შეტყობინება # 3
ფსიქოლოგი და დიაგნოსტიკოსი
ჯგუფი: ექიმი
შეტყობინებები: 21
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
არაფრის

"ღმერთს ქალი მამაკაცის უფროსად რომ დაეწესებინა-მისი თავისგან შექმნიდა,
მონად რომ დაეწესებინა-ფეხისგან,
მაგრამ რადგან მის მეგობრად და ცოლად დააწესა-ნეკნისგან შექმნა"
 
სამედიცინო ფორუმი » მედიცინა » რადიოლოგია » კომპიუტერული ტომოგრაფია
გვერდი 1 დან1
ძებნა: