სამედიცინო პორტალი
მოგესალმები სტუმარი | RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
სამედიცინო ფორუმი » მედიცინა » სტომატოლოგია » საძაგელი სიბრძნის კბილი
საძაგელი სიბრძნის კბილი
wolfთარიღი: შაბათი, 2009-04-25, 9:41 PM | შეტყობინება # 1
ფსიქოლოგი და დიაგნოსტიკოსი
ჯგუფი: ექიმი
შეტყობინებები: 21
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
სიბრძნის კბილს მერვე კბილს უწოდებენ, რომელიც სხვებზე გაცილებით გვიან ამოიჭრება. პრობლემები მისი ამოჭრისთანავე იწყება. საქმე ის არის, რომ ამ ავადსახსენებელ მერვეს არ ჰყავს წინამორბედი სარძევე კბილი, რომელიც ნიადაგს შეამზადებდა მისი უმტკივნეულო "დაბადებისთვის", ამიტომ 18-30 წლის ასაკში, როდესაც ყბების ძვლოვანი ქსოვილის ფორმირება დამთავრებულია, სიბრძნის კბილს მნიშვნელოვანი მექანიკური წინააღმდეგობის გადალახვა უხდება.

ტკივილსა და შესიებას უყურადღებოდ ნუ დატოვებთ!

კბილთა რიგში ადგილის უკმარისობის მიზეზი ადამიანის ევოლუციის პროცესში საღეჭი აპარატის შეცვლაა. ყბების ზომა შესამჩნევად შემცირდა. ადგილის დეფიციტის გამო სიბრძნის კბილი იხრება ძირითადი კბილების რიგიდან ან ებჯიინება მეზობელ, რიგით მეშვიდე კბილს და საერთოდ ვერ ახერხებს ამოჭრას. ღრძილი სივდება, იწყება მისი ტრავმირება, ადამიანს უჭირს პირის ფართოდ გაღება, ყლაპვა, ზოგჯერ სიცხეც უწევს.

როგორ მოვიქცეთ?

მხოლოდ ერთი რამ გვევალება - სტომატოლოგთან გაქცევა. რაც უფრო მეტხანს ვივლით გასიებული ღრძილით, სადაც უკვე ანთებითი პროცესია დაწყებული და ვეცდებით, მდგომარეობა სოდიანი წყლით ან გვირილის ნაყენით შევიმსუბუქოთ, მით უფრო დიდი იქნება ალბათობა, შედეგად სერიოზული გართულებები მივიღოთ. უნდა გვახსოვდეს ერთი რამ: თუ კბილმა თავიდანვე "ცუდი ხასიათი" გამოამჟღავნა, იმედი, რომ მდგომარეობა დროთა განმავლობაში გამოსწორდება, ამაოა. გამოძებნეთ დრო და მიმართეთ ექიმს. ადვილი შესაძლებელია, მისი დახმარებით "ბრძენმა" თავისი კანონიერი ადგილი დაიკავოს კბილთა რიგში. თუმცა არის შემთხვევები, როცა მერვეს ამოღება გარდაუვალია. მაგალითად, მისი ანომალიური მდებარეობისას. ოპერაცია კეთდება ადგილობრივი გაუტკივარებით და ზოგჯერ საათზე მეტხანს გრძელდება, მაგრამ სათანადო ანესთეზიის შემთხვევაში რთული გადასატანი არ არის. შემდეგ ჭრილობის ინფიცირების თავიდან ასაცილებლად ინიშნება ანტიბაქტერიული თერაპიის შვიდდღიანი კურსი. ოპერაციის შემდეგ გართულებები მოსალოდნელია, მაგრამ პროფესიონალის ხელში მათი ალბათობა მინიმალურია. ასეა თუ ისე, კბილის ამოღებიდან მესამე-მეოთხე დღეს ექიმთან კონსულტაცია მაინც საჭიროა.

ნუთუ ზედმეტია?!

სიბრძნის კბილებს ხშირად რუდიმენტებს უწოდებენ და დაუფიქრებლად იღებენ. ეს შეცდომაა - ადამიანის ორგანიზმში არაფერია ზედმეტი! იყო დრო, როდესაც მიაჩნდათ, რომ ჭიანაწლავი არ გვჭირდებოდა, მერე კი აღმოჩნდა, რომ ის ძალიანაც საჭიროა და მისი ამოკვეთა მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობისას არის დასაშვები. ზუსტად იგივე ითქმის სიბრძნის კბილებზე: ჯერ ერთი, მათი საშუალებით საკვები თანაბრად და სწორად ნაწილდება, მეორეც, მომავალში ისინი ხიდისმაგვარი პროთეზის საყრდენად გამოდგება - ჩვენ ხომ არ ვიცით, რა გველის...

ცნობისმოყვარეთათვის

*
თანამედროვე ადამიანის კბილის გვირგვინი 10-12მმ-ით ვიწროა, ვიდრე მისი შორეული წინაპრებისა.
*
ადამიანს, წესით, ოთხი სიბრძნის კბილი უნდა ჰქონდეს, მაგრამ ბევრს ისინი არასრულად ამოეჭრება ან საერთოდ არ ამოსდის.
*
მერვეებს ხშირად ემართებათ კარიესი. ამაში დამნაშავეა მათი მდებარეობა, რაც მათ სათანადო მოვლას ართულებს.

დღეს სტომატოლოგია აღჭურვილია უახლესი მეთოდებით, რომლებიც საშუალებას იძლევა, კბილების მკურნალობა თუ რესტავრაცია ერთობ მოკლე ხანში ჩატარდეს. თანამედროვე სარესტავრაციო მეთოდიკამ შეცვალა კბილების მკურნალობის ძველებური რთული მეთოდები და შესაძლებელი გახდა დაშლილი კბილების თითქმის არაფრისგან აღდგენა, მათი განლაგებისა და ფორმის შეცვლა. მთავარია, დროულად მიმართოთ სტომატოლოგს!
სიბრძნის კბილი მესამე ძირითადი კბილია და პირის ღრუში ყველაზე ღრმად მდებარეობს. ადამიანს 4 სიბრძნის კბილი აქვს, თითო-თითო ზედა და ქვედა ყბის მარჯვენა და მარცხენა მხარეს. ისინი 17-25 წლის ასაკში ამოდის. სიბრ-ძნის კბილები უხშირესად ორფესვიანი კბილებია მძლავრი გვირგვინით. სიბრ-ძნის კბილის ამოჭრა და მასთან დაკავშირებული პრობლემები სიბრძნის კბილების განვითარებისა და ამოჭრის პროცესი სხვა კბილების განვითარება-ამოჭრისგან რამდენადმე განსხვავდება და ხშირად პრობლემებიც სდევს თან. საქმე ის არის, რომ ქვემოთა სიბრძნის კბილს არ გააჩნია წინამორბედი - სარძევე კბილი, რომელიც მას კბილბუდეს მოუმზადებდა, არ ჰყავს უკანა მეზობელი, რომელიც მას გადახრა-ცდომილებისგან დაიცავდა.

ამასთანავე, ამოჭრისას სიბრძნის კბილმა უნდა გადალახოს უკვე ფორმირებული და კალციფიცირებული ქვედა ყბის წინააღმდეგობა...

დამატებულია (2009-04-25, 9:41 Pm)
---------------------------------------------
დისტოპირებული სიბრძნის კბილი

დისტოპია არასწორ მდებარეობას ნიშნავს. მას უმეტესად ქვედა სიბრძნის კბილები განიცდის. კბილის ცდომა ან კბილთა მწკრივს იქით მდებარეობა, ჩვეულებრივ, ამოჭრის ვადებისა და თანამიმდევრობის დარღვევის შედეგია. სიბრძნის კბილმა შესაძლოა ცდომილება განიცადოს კარიბჭის ან საკუთრივ პირის ღრუს მხარეს, შუა ხაზიდან წინ ან უკან, შესაძლოა, შემობრუნდეს სიგრძივი ღერძის ირგვლივ, მოთავ-სდეს სხვა კბილებზე მაღლა ან დაბლა. ხშირად სიბრძნის კბილის ცდომა კბილთა მწკრივის მიმართ ერთ-დროულად ორი-სამი მიმართულებით ხდება. არასწორად ამოჭრილმა კბილმა შესაძლოა შეცვალოს სხვა კბილების მდებარეობაც, რაც თანკბილვაზე აისახება და ფუნქციურ და ესთეტიკურ დარღვევებს იწვევს. სიბრძნის კბილის ცდომა კარიბჭის ან საკუთრივ პირის ღრუს მხარეს იწვევს ტუჩის, ლოყის, ენის ლორწოვანი გარსის ტრავმას, დასაბამს აძლევს ეროზიებსა და წყლულებს.

სტომატოლოგიაში დისტოპირებულს უწოდებენ ისეთ კბილს, რომელიც ბოლომდე ვერ ამოვიდა და კბილთა მწკრივში სათანადო ადგილი ვერ დაიკავა. ამოჭრილად ითვლება კბილი, რომელიც ასცდება ღრძილის დონეს და მიაღწევს მოპირდაპირე ყბის კბილ-ანტაგონისტს. სიბრძნის კბილის არასრულფა-სოვნად ამოჭრის მიზეზი შესაძლოა იყოს კბილთა მწკრივში ადგილის უკმარისობა, არასწორი პოზიცია (დახრილობა). ქვედა სიბრძნის კბილის ამოჭრა თვეობით, ზოგჯერ კი წლობითაც ფერხდება. ღეჭვის პროცესში კბილის მფარავი ლორწოვანი გარსის მუდმივი ტრავმირების გამო ღრძილის სათანადო უბანი ნაწიბურდება და უხეშდება. სიბრძნის კბილსაც სულ უფრო მეტად უჭირს წინააღმდეგობის გადალახვა და სახეცვლილი ღრძილის გაჭრა. სიბრძნის კბილის ამოჭრას, წესისამებრ, თან სდევს პერიკორონიტი - კბილის ირგვლივ არსებული რბილი ქსოვილების ანთება.

პრობლემები, რომლებიც სიბრძნის კბილის არასწორ მდებარეობას უკავშირდება:

*
სიბრძნის კბილის კარიესი;
*
სიბრძნის კბილის მიმდებარე კბილის კარიესი;
*
პერიოდონტის დაავადებები (პერიოდონტი ალვეოლასა და ფესვს შორის მდებარე რბილი ქსოვილია. მისი ფუნქციაა კბილის კბილბუდეში დაფიქსირება. ის ამცირებს ღეჭვისას ფესვის დატვირთვას);
*
სიბრძნის კბილის მიმდებარე კბილთა ცდომა;
*
მეზობელი კბილების დაზიანება.

სიბრძნის კბილის კარიესი

სიბრძნის კბილს კარიესი ადვილად უჩნდება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არასწორად მდებარეობს.
კარიესი კბილის ზედაპირზე ნადების დაგროვება-დალექვის შედეგად ვითარდება. კბილის ნადებში უხვად არის ბაქტერიები, რომლებიც ცხოველმყოფელობის პროცესში გამოიმუშავებენ ორგანულ მჟავებს. ორგანული მჟავები შლის კბილის ქსოვილს და კბილის ზედაპირზე დეფექტს წარმოქმნის.
სიბრძნის კბილი ხშირად მიუწვდომელ ადგილას მდებარეობს, ამიტომ მისი სრულფასოვანი მოვლა, ნადებისგან გულდასმით გაწმენდა შეუძლებელია. კარიესი სწორედ ასეთ შემთხვევაში ვითარდება.

პათოლოგიური პროცესი კბილის ძნელად მისადგომ უბნებს მოიცავს, ამიტომ მოუხერხებელია მისი დაბჟენაც. ამიტომაც არის, რომ სტომატოლოგები ზოგჯერ სიბრძნის კბილის ამოღებას გვთავაზობენ, ხოლო თუ მისი დაბჟენა მაინც მოხერხდა, სრულფასოვანი წმენდის შეუძლებლობის გამო მასზე ნადების დალექვისა და მეორეული კარიესის განვითარების ალბათობა ძალზე დიდია.

ეს საინტერესოა

სიბრძნის კბილებს მრავალი ლეგენდა უკავშირდება. სხვადასხვა კულტურაში მათ მიმართ განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ. მაგალითად, ბოშები სიბრძნის კბილს სასაფლაოს მიწაში მარხავენ - სწამთ, რომ ნახევარი წლის შემდეგ ეს მათ სიმდიდრეს მოუტანს. ზოროასტრული მსოფლმხედველობის თანახმად, თუ ადამიანს სიბრძნის კბილი არ ამოუვიდა, ე. ი. ის მოკლებული იქნება წინაპართა მფარველობას. უძველესი წარმოდგენით, სიბრძნის კბილი მაშინ ამოდის, როდესაც ადამიანი აღწევს სიბრძნისა და სულიერი სიმწიფის ასაკს.

სიბრძნის კბილს ადამიანის სულიერ სამყაროსთან გარკვეული კავშირი მართლაც აქვს. ეს სამეცნიერო გამოკვლევებითაც არის დადგენილი. მაგალითად, ერთ-ერთი გერმანელი ექიმი ამტკიცებს, რომ ყოველი კბილი ადამიანის ორგანიზმის განსაზღვრულ ორგანოსთან არის დაკავშირებული და თითოეული მათგანის ტკივილი ამა თუ იმ ორგანოში მიმდინარე პათოლოგიური პროცესის მანიშნებელია. სიბრძნის კბილს დოქტორი ფოლი ფსიქიკასთან აკავშირებს.


"ღმერთს ქალი მამაკაცის უფროსად რომ დაეწესებინა-მისი თავისგან შექმნიდა,
მონად რომ დაეწესებინა-ფეხისგან,
მაგრამ რადგან მის მეგობრად და ცოლად დააწესა-ნეკნისგან შექმნა"
 
სამედიცინო ფორუმი » მედიცინა » სტომატოლოგია » საძაგელი სიბრძნის კბილი
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა: