ასთმა - სამედიცინო ფორუმი
სამედიცინო პორტალი
მოგესალმები სტუმარი | RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
გვერდი 1 დან1
სამედიცინო ფორუმი » მედიცინა » ყველაფერი მედიცინაზე » ასთმა (ასთმის შესახებ)
ასთმა
wolfთარიღი: შაბათი, 2009-04-25, 9:37 PM | შეტყობინება # 1
ფსიქოლოგი და დიაგნოსტიკოსი
ჯგუფი: ექიმი
შეტყობინებები: 21
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline

ასთმა ბრონქული ხის ანთებისა და მისი გლუვი კუნთების სპაზმის შედეგია. ამასთან ერთად ბრონქებში წარმოიქმნება დიდი ოდენობით სეკრეტი, რომელიც სასუნთქ გზებს ახშობს. დაავადების გამოვლინება სხვადასხვა ინტენსივობისაა, უმნიშვნელო ხიხინითა და სუნთქვის მცირედი გაძნელებით დაწყებული სიცოცხლისთვის საშიში შეტევით დამთავრებული. ასთმა ქრონიკული დაავადებაა, მაგრამ სათანადო მკურნალობით შესაძლებელია, მის კონტროლს მივაღწიოთ.

დაავადების მართვა გულისხმობს შეტევის გამომწვევი ფაქტორების ზემოქმედების თავიდან აცილებას და დაავადების სიმპტომების კუპირებას (მოხსნას). მკურნალობის პროცესში პაციენტს შესაძლოა დასჭირდეს ხანგრძლივი მოქმედების პრეპარატების რეგულარული მიღება დაავადების გამწვავების თავიდან ასაცილებლად და პერიოდულად ხანმოკლე მოქმედების პრეპარატების დამატება გამწვავების კონტროლისთვის. არაკონტროლირებადი ასთმა პაციენტს იძულებულს ხდის, ხშირად გააცდინოს სასწავლებელი თუ სამსახური, ამცირებს მის შრომისუნარიანობას. ვინაიდან დაავადების მიმდინარეობა და ხასიათი წლების განმავლობაში იცვლება, პაციენტი, რომელსაც ბრონქული ასთმა აქვს, აუცილებლად უნდა თანამშრომლობდეს ექიმთან, რათა მკურნალობის სქემაში დროულად იქნეს შეტანილი სათანადო კორექტივები.

ასთმის სიმპტომები
ბრონქული ასთმის გამოვლინება სხვადასხვა სიმძიმისაა და ყოველ ცალკეულ შემთხვევაში სხვადასხვაგვარია. ზოგიერთს ოდნავ აქვს გამოხატული სიმპტომები, შეტევები და ხიხინი იშვიათია, შეტევებს შორის კი ასეთი პაციენტები თავს ჯანმრთელებად გრძნობენ, სუნთქვის გაძნელებას არ უჩივიან. ზოგიერთი თითქმის ყოველთვის ახველებს ან ხიხინებს, ზოგიერთს კი მსგავსი სიმპტომები უმეტესად ღამით ან ფიზიკური დატვირთვისას აწუხებს. ბრონქული ასთმის ნიშნებიდან, უწინარეს ყოვლისა, უნდა დავასახელოთ:

*
ქოშინი ანუ სუნთქვის გაძნელება;
*
გულმკერდში შებოჭვის, ზოგჯერ ტკივილის შეგრძნება;
*
ძილის დარღვევა, რაც სუნთქვის გაძნელებასთან არის დაკავშირებული;
*
ხიხინი, რომელიც ზოგჯერ გარკვეულ მანძილზე ფილტვების მოსმენის გარეშეც კარგად ისმის, განსაკუთრებით ძლიერდება ამოსუნთქვისას;
*
ხველისა და ხიხინის გაძლიერება ზემო სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციისას.

დაავადების გამწვავების სიმპტომებია:

*
ხველისა და ხიხინის ეპიზოდების გახშირება და გახანგრძლივება;
*
ამოსუნთქვის პიკური სიჩქარის შემცირება;
*
ბრონქების გამაფართოებელი პრეპარატების უფრო ხშირი გამოყენება.

თუ ასთმით დაავადებულმა აღნიშნული სიმპტომები შეამჩნია, აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს, რათა მან მდგომარეობის დროულად გამოსასწორებლად დამატებითი ღონისძიებები ჩაატაროს.

რა იწვევს ასთმას
ამ შეკითხვაზე ზუსტი პასუხის გაცემა ძნელია, თუმცა ვარაუდობენ, რომ მნიშვნელოვანია გარემოს და მემკვიდრეობითი ფაქტორების კომბინაცია. ასთმის ხელშემწყობი ფაქტორიც მრავალია, თანაც ყოველ ცალკეულ შემთხვევაში - სხვადასხვა. ეს შეიძლება იყოს:

*
ოთახის მტვერი, ცხოველის ბეწვი, მწერის გამონაყოფი, მცენარის მტვერი;
*
სასუნთქი გზების ინფექცია;
*
ფიზიკური აქტივობა (ეგრეთ წოდებული ფიზიკური დატვირთვის ასთმის შემთხვევაში);
*
ცივი ჰაერი;
*
თამბაქოს კვამლი;
*
ზოგიერთი პრეპარატი;
*
სტრესი;
*
საკვების კონსერვანტები;
*
გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება;
*
საკვებზე ალერგიული რეაქცია.

დამატებულია (2009-04-25, 9:36 Pm)
---------------------------------------------
ასთმის რისკფაქტორები
ეს ის ფაქტორებია, რომელთა არსებობისას დაავადების განვითარების ალბათობა იზრდება. მათ შორის აღსანიშნავია:

*
ასთმის ოჯახური ისტორია (დაავადება სისხლით ნათესავებს შორის);
*
ბავშვობაში სასუნთქი გზების ხშირი ინფექცია;
*
პასიური მწეველობა;
*
დაბინძურებულ გარემოში ცხოვრება;
*
მავნე საწარმოო პირობები;
*
დაბადებისას მცირე წონა;
*
ჭარბი წონა.

როდის უნდა მივმართოთ ექიმს
არსებობს ასთმასთან დაკავშირებული სამი ძირითადი მიზეზი, რომელთა გამოც ექიმთან ვიზიტი აუცილებელია. ესენია:

*
ეჭვი, რომ ადამიანი ასთმით არის დაავადებული. ასეთ ეჭვს ბადებს ხშირი, ერთი შეხედვით უმიზეზო ხველა, რომელიც რამდენიმე დღე გრძელდება, ხიხინი, ქოშინი.
*
გახსოვდეთ, ასთმის ადრეული მკურნალობა, განსაკუთრებით - ბავშვთა ასაკში, მნიშვნელოვანია. დროული მკურნალობით შესაძლებელია თავიდან ავიცილოთ ფილტვების დაზიანება.
*
ასთმის კონტროლი მას შემდეგ, რაც დიაგნოზი დადგენილია. გახსოვდეთ, რომ ასთმის კონტროლი მარტო მდგომარეობას კი არ გაგიუმჯობესებთ, არამედ თავიდან აგაცილებთ სიცოცხლისთვის საშიშ შეტევებს.
*
მდგომარეობის გაუარესება. თუ შეამჩნიეთ, რომ მედიკამენტები სათანადო ეფექტს არ ახდენს, აუცილებელია მათი შეცვლა ან დოზის კორექცია. თვითნებურად დოზის შეცვლა ან სხვა მედიკამენტის მიღება დაუშვებელია - შესაძლოა, თავი იჩინოს გვერდითმა ეფექტმა ან დაავადების მიმდინარეობა გაუარესდეს.

დამატებულია (2009-04-25, 9:37 Pm)
---------------------------------------------
ასთმის მძიმე შეტევა
ასთმის მძიმე შეტევა გადაუდებელ ჩარევას მოითხოვს. როდესაც ადამიანი ხედავს, რომ ხანმოკლე მოქმედების პრეპარატები არ შველის, აუცილებელია, მიმართოს გადაუდებელი დახმარების დაწესებულებას. სთმით დაავადებულმა აუცილებლად უნდა იცოდეს ის ნიშნები, რომლებიც გადაუდებელი დახმარების აუცილებლობაზე მეტყველებს. ესენია:

*
სუნთქვის სწრაფი და მკვეთრი გაძნელება ან ხიხინის ინტენსივობის მატება;
*
ხანმოკლე პრეპარატების უეფექტობა;
*
ქოშინის მკვეთრი გაძლიერება უმნიშვნელო ფიზიკური დატვირთვის დროს.

სადიაგნოზო ტესტები
ასთმის დიაგნოსტიკა არ არის ადვილი. არცთუ იშვიათად მსგავს სიმპტომებს სხვა დაავადებებიც იწვევს, მათ შორის - ფილტვების ემფიზემა, გულის უკმარისობის ადრეული სტადია, სახმო იოგების პრობლემები. ბავშვთა ასაკში განსაკუთრებით ძნელია, ბრონქული ასთმისგან განვასხვაოთ ბრონქიტი, ფილტვების ანთება ან სასუნთქი გზების სხვა დაავადება. ჩამოთვლილ დაავადებათა გამოსარიცხავად ექიმი პაციენტს განსაზღვრულ შეკითხვებს უსვამს, იკვლევს მას. ხშირად საჭირო ხდება ფილტვის ფუნქციის შესაფასებელი ტესტების ჩატარება. ეს ტესტებია:

*
სირომეტრია. მისი მეშვეობით ადგენენ ბრონქული ხის სპაზმური შევიწროების (ობსტრუქციის) ხარისხს. გამოკვლევა ემყარება ღრმა ჩასუნთქვის შემდეგ ამოსუნთქვის სიჩქარისა და ამოსუნთქული ჰაერის ოდენობის განსაზღვრას.
*
პკფლოუმეტრია. პიკფლოუმეტრი ინდივიდუალური ხელსაწყოა, რომელიც პაციენტს საშუალებას აძლევს, დამოუკიდებლად აკონტროლოს ასთმა და ხელსაწყოს სკალის მაჩვენებლის მიხედვით თავად განსაზღვროს ამოსუნთქული ჰაერის მოცულობითი სიჩქარის პიკი.
*
ექიმი ფილტვის ფუნქციის ტესტებს ატარებს ბრონქოდილატატორების (ბრონქების გამაფართოებელი პრეპარატების) ჩასუნთქვამდე (ინჰალაციამდე) და მის შემდეგ. ფილტვის ფუნქციის გაუმჯობესება ბრონქოდილატატორების ზემოქმედებით ასთმის სასარგებლოდ მეტყველებს.

ასთმის კლასიფიკაცია
ასთმის სიმძიმის შესაფასებლად ექიმს გასინჯვით მიღებულ ინფორმაციასა და ტესტების შედეგებთან ერთად სჭირდება განსაზღვრული მონაცემები, რომელთა დასადგენადაც ის აზუსტებს, რამდენად ხშირია ასთმის შეტევები, როდის აღმოცენდება და როგორია მათი ხასიათი. მჟამად გამოყოფენ ასთმის ოთხ კატეგორიას:

*
მსუბუქ ინტერმისიულს (გარდამავალს) - მსუბუქი შეტევები კვირაში ორჯერ და ღამით - თვეში ორჯერ;
*
მსუბუქ პერსისტიულს (მუდმივს) - შეტევა კვირაში ორზე მეტია, მაგრამ დღეში არა უმეტეს ერთისა;
*
საშუალო სიმძიმის პერსისტიულს - სიმპტომები დღეში ერთხელ, ღამით - კვირაში ერთზე მეტი შეტევა;
*
მძიმე პერსისტიულს - შეტევა ყოველდღიურად ან უმეტესად, ხშირი ღამის შეტევები.

შესაძლოა, დაიბადოს კითხვა: რა საჭიროა ასთმის სიმძიმის განსაზღვრა? ასთმის სიმძიმის შეფასება ექიმისათვის აუცილებელია, რადგანაც სწორედ მასზეა დამოკიდებული მკურნალობის სქემა და მედიკამენტების არჩევანი.

რა გართულებებს იწვევს ასთმა
ასთმამ შესაძლოა გამოიწვიოს გართულებები, მათ შორის - მძიმე შეტევა, რომლის დროსაც აუცილებელია პაციენტის საავადმყოფოში მოთავსება, ბრონქული გზების მუდმივი შევიწროება (რემოდელირება) და ზოგიერთი მედიკამენტის გევრდითი ეფექტი.

დამატებულია (2009-04-25, 9:37 Pm)
---------------------------------------------
როგორ ავიცილოთ თავიდან ასთმის გამწვავება?
ექიმთან თანამშრომლობა და რეგულარული კონსულტაცია საშუალებას მოგვცემს, დაავადების გამწვავება თავიდან ავიცილოთ.

* შეადგინეთ მკურნალობის გეგმა - დახაზეთ ცხრილი, მიუთითეთ დანიშნული ხანგრძლივი მოქმედების მედიკამენტები, ყოველდღიურად აღნიშნეთ მათი მიღება, ცალკე მიუთითეთ, როდის და რა რაოდენობით გახდა საჭირო ხანმოკლე მოქმედების პრეპარატების მიღება ქოშინის მოსახსნელად. ეს მონაცემები თქვენ ექიმის დანიშნულების შესრულებაში დაგეხმარებათ, ხოლო თქვენს ექიმს საშუალებას მისცემს, ზუსტად შეაფასოს თქვენი მდგომარეობა.
* დააზუსტეთ ფაქტორები, რომლებიც ასთმის შეტევას იწვევს - ესა თუ ის ალერგენი, ცივი ჰაერი ან მტვერი შესაძლოა შეტევის მიზეზად იქცეს. თუ დაადგენთ, რომელი მათგანის ზემოქმედებასთან არის დაკავშირებული შეტევა, შეგიძლიათ, დასახოთ ღონისძიებები მათ თავიდან ასაცილებლად.
* იკონტროლეთ სუნთქვა. დროთა განმავლობაში მიხვდებით, რომ განსაზღვრული სიმპტომები (ხველა, ხიხინი, ქოშინი) შეტევის მოახლოებას მოასწავებს, თუმცა სუნთქვითი ფუნქციის გაუარესება გაცილებით ადრე შეიძლება დავადგინოთ პიკფლოუმეტრიის მონაცემების მიხედვით.
* დროულად ჩაახშეთ შეტევა. თუ სწრაფად იმოქმედებთ, ნაკლებია ალბათობა, რომ შეტევა მძიმედ წარიმაროს. პიკფლოუმეტრიის მონაცემების გაუარესებისთანავე შეწყვიტეთ ყოველგვარი საქმიანობა და აქტივობა, რომელიც კი შეიძლება შეტევის გაუარესების მიზეზად იქცეს, მიიღეთ რეკომენდებული პრეპარატები და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

ასთმით დაავადებულის ცხოვრების წესი
თუ ოჯახის რომელიმე წევრი ასთმითაა დაავადებული, მოგვიწევს განსაზღვრული წესების დაცვა გამწვავებების თავიდან ასაცილებლად.

* გამოიყენეთ კონდიციონერი. ის თავიდან აგაცილებთ გარემოში არსებული ალერგენების ოთახში მოხვედრას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცენარეთა ყვავილობის პერიოდში. გარდა ამისა, კონდიციონერი ამცირებს ჰაერის ტენიანობას. არ დაგავიწყდეთ კონდიციონერში ფილტრის რეგულარული ცვლა. თუ კონდიციონერი არ გაქვთ, სასურველია, მცენარეთა ყვავილობის პერიოდში ფანჯრები იშვიათად გააღოთ.
* ერიდეთ ოთახში მტვრის დაგროვებას. საამისოდ მინიმუმამდე შეამცირეთ ბალიშების, რბილი ავეჯის რაოდენობა, ზედაპირზე კი ისეთი ნაჭერი გადააკარით ან გადააფარეთ, რომელიც მტვერს ნაკლებად აგროვებს. გაიტანეთ ხალიჩები. ფარდები მსუბუქი ქსოვილისა ჩამოკიდეთ.
* ეცადეთ, ოთახში ტენი ნაკლები იყოს.
* მოგიწევთ, დაემშვიდობოთ ცხოველებსა და ფრინველებს, დარწმუნდეთ, რომ ოთახის მცენარე ალერგენი არ არის.
* რეგულარულად დაალაგეთ ოთახი სველი წესით.
* თუ შეამჩნიეთ, რომ სიცივეში სუნთქვა გიჭირთ, სიცივეში შინიდან გასვლისას ცხვირ-პირზე კაშნე აიფარეთ.
* მსუბუქი ვარჯიში ხელს შეუწყობს სასუნთქი სისტემისა და გულის ფუნქციის გაუმჯობესებას.
* გახსოვდეთ: ჭარბი წონა ამძიმებს ასთმის მიმდინარეობას.
* თუ ხშირად გაწუხებთ გულძმარვა, აცნობეთ ამის შესახებ ექიმს, ვინაიდან გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება ასთმის მიმდინარეობას ამძიმებს.


"ღმერთს ქალი მამაკაცის უფროსად რომ დაეწესებინა-მისი თავისგან შექმნიდა,
მონად რომ დაეწესებინა-ფეხისგან,
მაგრამ რადგან მის მეგობრად და ცოლად დააწესა-ნეკნისგან შექმნა"
 
tako55თარიღი: პარასკევი, 2010-11-05, 3:22 PM | შეტყობინება # 2
რიგითი
ჯგუფი: პაციენტი
შეტყობინებები: 2
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ჩემ შვილს, რომელის 1 წლის და 3 თვისაა,ხშირად ემართება ობსტრუქციული ბრონხიტი, ძლიერი სპაზმით. ზედმეტი მოძრაობის დროს ქოშინებს. გამოვიკვლიეთ და ალერგიული არაა. ვასმევ ვანსეარს, რომელის საკმაოდ ეფექტურად მოქმედებს.

მაინტერესებს ბავშვებში რომელი წლიდანაა ასთმის დიაგნოზის დასმა შესაძლებელი?

 
სამედიცინო ფორუმი » მედიცინა » ყველაფერი მედიცინაზე » ასთმა (ასთმის შესახებ)
გვერდი 1 დან1
ძებნა: