სამედიცინო პორტალი
მოგესალმები სტუმარი | RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
სამედიცინო ფორუმი » მედიცინა » პირველადი დახმარება » სხვადასხვა მოტეხილობები
სხვადასხვა მოტეხილობები
stomboxთარიღი: შაბათი, 2009-04-25, 10:21 PM | შეტყობინება # 1
რეანიმატოლოგი; დიაგნოსტიკოსი
ჯგუფი: მთავარი ექიმი
შეტყობინებები: 56
რეპუტაცია: 2
სტატუსი: Offline
სახის არეში ხშირია ცხვირის, ყვრიმალის და ქვედა ყბის ძვლების მოტეხილობა. ასევე მოსალოდნელია ქვედა ყბის ამოვარდნილობა. სახის არეში მოტეხილობის დროს შესაძლებელია სასუნთქი გზების დახშობა, განპირობებული შეშუპებით, მოტეხილი კბილებით, სისხლის კოლტით ან ნერწყვით. ასევე მოსალოდნელია ქალას, კისრისა და ტვინის დაზიანება.

სახის არეში მოტეხილობის დროს პირველი დახმარების ძირითადი მიზანია – სასუნთქი გზების გამავლობის შენარჩუნება და გადაუდებელი სამედიცინო სამსახურის დროული გამოძახება.

პირველი დახმარება სახის არეში მრავლობითი მოტეხილობის დროს:

· სწრაფად გახსენით სასუნთქი გზები. თუ საჭიროა გაასუფთავეთ პირის ღრუ;

· თუ დაზარალებული უგონოდაა, გადაიყვანეთ ის უსაფრთხო მდებარეობა;

· თუ დაზიანებულია ქვედა ყბა, მოათავსეთ რბილი საფენი სახის ქვეშ;

· დროულად გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება;

· თუ დაზიანებულია ყვრიმალის ძვალი ან ცხვირი, გააჩერეთ სისხლდენა ცხვირიდან და სწრაფად დაადეთ დაზიანებულ არეს ცივი კომპრესი შეშუპების შემცირების მიზნით;

· თუ მოტეხილია ქვედა ყბა, მიეცით დაზარალებულს რბილი საფენი და სთხოვეთ დააფიქსიროს ქვედაყბა ხელით.

ზედა კიდურზე (ხელზე) მოტეხილობის არსებობისას დაზიანებული ძვლის ფიქსაციის საუკეთესო საშუალებაა სამკუთხა ნახვევი. თუ მოტეხილია ლავიწის ძვალი ან მტევნის ძვლები, საჭიროა ამწევი სამკუთხა ნახვევის დადება. ამისათვის:

· მოათავსეთ დაზიანებული ხელი მეორე მხარზე გულმკერდის გასწვრივ. უთხარით დაზარალებულს დააფიქსიროს ის ამ მდებარეობაში იდაყვის არეში.

· გადააფარეთ დაზიანებულ ხელს სამკუთხა ნახვევი ისე, რომ მისი ერთი კიდე გადაკიდებული იყოს ჯანმრთელი ხელის მხარზე, ხოლო სწორი კუთხე მიმართული იყოს დაზიანებული ხელის იდაყვისკენ. შეკეცეთ სამკუთხა ნახვევის ერთი კიდე დაზიანებული ხელის მტევნის ქვეშ. ამის შემდეგ შეკეცეთ სამკუთხა ნახვევის გრძელი მხარე იდაყვის ქვეშ. გადაიტანეთ სამკუთხა ნახვევის კუთხე ზურგზე და შეკარით მხარზე. დაამაგრეთ სამკუთხა ნახვევი იდაყვზე ქინძისთავით.

· მოათავსეთ რბილი საფენი გულმკერდსა და დაზიანებულ ხელს შორის. დაკეცეთ მეორე სამკუთხა ნახვევი და შეკარით გულმკერდის გასწვრივ ისე, რომ კვანძი იყოს შეკრული ჯანმრთელ გვერდზე. გამოაჩინეთ დაზიანებული ხელის ცერა თითი და ყოველ 10 წთ-ში ერთხელ შეამოწმეთ კაპილარული ავსება.

· თუ დაზიანებულია მტევანი, ამწევი სამკუთხა ნახვევის დადებამდე მოათავსეთ მის ქვეშ რბილი საფენი.

· ამწევი სამკუთხა ნახვევი გამოიყენება ნეკნების მოტეხილობის დროსაც. ამ შემთხვევაში გულმკერდის კედლის ფიქსაციის მიზნით დაზიანებულ მხარეს ადებენ ამწევ სამკუთხა ნახვევს.

თუ მოტეხილია მხრის, წინამხრის ძვლები ან არის ამოვარდნილობა მხრის სახსარში, ხელის იმობილიზაციისათვის გამოიყენეთ არაამწევი სამკუთხა ნახვევი. ამისათვის მოათავსეთ სამკუთხა ნახვევი გულმკერდზე ისე, რომ სწორი კუთხე მიმართული იყოს დაზიანებული ხელის იდაყვისაკენ. მოხარეთ დაზიანებული ხელი იდაყვის სახსარში სწორი კუთხით, გადმოიტანეთ სამკუთხა ნახვევის ქვედა კიდე და მიიტანეთ დაზიანებული ხელის მხართან. შეკარით კიდეები. დააფიქსირეთ ნახვევის თავისუფალი კიდეები იდაყვთან ახლოს ქინძისთავით. მოათავსეთ რბილი საფენი დაზიანებულ ხელსა და გულმკერდს შორის.

თუ მოტეხილია წინამხრის ძვლები, სამკუთხა ნახვევის შეკვრამდე ჩააფინეთ რბილი საფენი წინამხარსა და სამკუთხა ნახვევს შორის. დაკეცეთ მეორე სამკუთხა ნახვევი და შეკარით გულმკერდის გასწვრივ ისე, რომ კვანძი იყოს შეკრული ჯანმრთელ გვერდზე. გამოაჩინეთ დაზიანებული ხელის ცერა თითი და ყოველ 10 წთ-ში ერთხელ შეამოწმეთ კაპილარული ავსება.


il mio vivere è per voi
 
stomboxთარიღი: შაბათი, 2009-04-25, 10:21 PM | შეტყობინება # 2
რეანიმატოლოგი; დიაგნოსტიკოსი
ჯგუფი: მთავარი ექიმი
შეტყობინებები: 56
რეპუტაცია: 2
სტატუსი: Offline
მენჯის ძვლების მოტეხილობა სიცოცხლისათვის საშიშ დაზიანებებს მიეკუთვნება, რადგან იგი ძლიერი შინაგანი სისხლდენის მიზეზი შეიძლება გახდეს.

მენჯის ძვლების მოტეხილობისათვის დამახასიათებელია:

§ დგომისა და სიარულის შეუძლებლობა მაშინ, როდესაც ფეხები დაზიანებული არ არის;

§ ტკივილი წელის, საზარდულისა და ბარძაყის მიდამოში, რომელიც ძლიერდება მოძრაობისას;

§ სისხლიანი გამონადენი სასქესო ორგანოებიდან;

§ ტკივილი შარდვისას;

§ შინაგანი სისხლდენისა და შოკის ნიშნები.

მენჯის მოტეხილობაზე ეჭვის მიტანისას თქვენი ძირითადი მიზანია დაუყოვნებლივ გამოიძახოთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.

პირველი დახმარება მენჯის ძვლების მოტეხილობის დროს:

1. დააწვინეთ დაზარალებული ზურგზე და გაუსწორეთ ფეხები ან ოდნავ მოხარეთ ისინი, თუ დაზარალებული უფრო კომფორტულად გრძნობს ასე თავს;

2. მოათავსეთ რბილი საფენები ფეხებს შორის და დააფიქსირეთ ფეხები ერთმანეთზე. არ ჩაატაროთ ეს მანიპულაცია, თუ ამ დროს დაზარალებული უჩივის ტკივილს;

3. დაუყოვნებლივ გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო სამსახური. საჭიროებისას ჩაატარეთ პირველი დახმარება შოკის დროს.

ქვედა კიდურების ძვლების დაზიანების დროს ასევე საჭიროა დაზარალებულის ზურგზე დაწვენა და ფეხების ფიქსაცია ერთმანეთზე. ამ დროს დაუზიანებელი ფეხი მიაქვთ დაზიანებულთან. გახსოვდეთ, რომ აუცილებელია ნახვევის დადება და ფეხის ფიქსაცია უშუალოდ დაზიანებული არის ქვემოთ და ზემოთ. ამის შემდეგ ხდება ფიქსაცია მუხლისა და ტერფის არეში. გახსოვდეთ, რომ ბარძაყის მოტეხილობის (დახურული) დროს იმობილიზაციამდე აუცილებელია ტრაქციის ჩატარება. გახსოვდეთ, თუ დაზიანება განლაგებულია სახსრის არეში, არ გაასწოროთ კიდური. სამედიცინო სამსახურის მოსვლამდე დააფიქსირეთ ის იმ მდგომარეობაში, რომელშიც აღმოაჩინეთ.

თავისა და ხერხემლის მიდამოს ტრავმა. თუ დაზარალებულმა მიიღო ზურგის ან კისრის ტრავმა, ყოველთვის მოსალოდნელია ხერხემლის დაზიანება. ეს უკანასკნელი ძალიან საშიშია, რადგად ამ დროს არის ზურგის ტვინის დაზიანების საშიშროება. დაზარალებულის სიცოცხლისათვის ასევე სახიფათოა თავის ქალას ტრავმები. ამიტომ თუ დაზარალებულმა მიიღო ტრავმა ზურგის, კისრის ან თავის არეში, არ ამოძრაოთ ის. დაზარალებულის მოძრაობა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

შემთხვევის ადგილზე მისვლისთანავე თქვენ უნდა დააფიქსიროთ დაზარალებულის თავი სხეულის შუა ხაზზე. ამისათვის მოათავსეთ ხელები დაზარალებულის ყურებზე. მუდმივად აწარმოეთ თავის ფიქსაცია გადაუდებელი სამედიცინო სამსახურის მოსვლამდე. შეიძლება სთხოვოთ თქვენს დამხმარეს, მოათავსოს დაზარალებულის კისრისა და თავის გარშემო დახვეული პირსახოცები.


il mio vivere è per voi
 
stomboxთარიღი: შაბათი, 2009-04-25, 10:21 PM | შეტყობინება # 3
რეანიმატოლოგი; დიაგნოსტიკოსი
ჯგუფი: მთავარი ექიმი
შეტყობინებები: 56
რეპუტაცია: 2
სტატუსი: Offline
გახსოვდეთ!


· არ ამოძრაოთ დაზარალებული, სანამ არ მოხდება დაზიანებული ნაწილის სრული ფიქსაცია. დაზარალებულის მოძრაობა ტრავმის დროს შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი სიცოცხლე საფრთხეშია.
· არ მისცეთ დაზარალებულს საჭმელი და სასმელი, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მოსვლამდე.
· ყინულის დადება უშუალოდ კანზე არ შეიძლება. ცივი საფენი ამცირებს შეშუპებას, სისხლჩაქცევასა და ტკივილს.
· თუ დაზიანება აღინიშნება სახსრის არეში, არ გაასწოროთ კიდური.
· ნებისმიერი ტრავმის დროს გახსოვდეთ ხერხემლის ტრავმის შესაძლო არსებობის შესახებ და არ გააღრმავოთ დაზიანება.
· დაუყოვნებლივ გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება მენჯის ძვლების მოტეხილობაზე ეჭვის არსებობისას, ვინაიდან იგი სიცოცხლისათვის საშიშ დაზიანებების რიცხვს მიეკუთვნება.


il mio vivere è per voi
 
სამედიცინო ფორუმი » მედიცინა » პირველადი დახმარება » სხვადასხვა მოტეხილობები
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა: